უკრაინული მედიის ცნობით, 31 მაისის ღამეს რუსეთის ძალებმა ბელგოროდის რეგიონიდან ხარკოვის მიმართულებით S-300/S-400-ის ტიპის 5 მართვადი რაკეტა გაუშვეს. დაინგრა 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაიღუპა 4 და დაშავდა 25 ადამიანი. მათ შორის ორი ბავშვი. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 6 ადამიანი იყოს მოყოლილი.
ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის განცხადებით, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს, სრულად დაინგრა ერთი სადარბაზოს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები. ხანძარი გაჩნდა 80 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ნახევრად დანგრეული სახლიდან მაშველებმა 6 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის ერთი ბავშვი.
ხარკოვის ოლქის პოლიციის უფროსმა ვოლოდიმირ ტიმოშკომ აღნიშნა, რომ ხარკოვის ნოვობავარსკის რაიონში სამი დარტყმა განხორციელდა: ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, მაღაზიაზე, რომელიც მდებარეობს სამსართულიან კორპუსში და სამკერვალო სახელოსნოზე. დაჭრილებს შორის არის ორი 12 წლის მოზარდი, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი. დაზიანდა სასწრაფო დახმარების მანქანაც.