ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „რუსულ კანონზე“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, რუსული კანონის მიღება პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით უმძიმესი აქტი იყო.
მისივე თქმით, კანონის მიღება რეპუტაციულად და ქვეყნის ინტერესებისთვის ყველაზე დამაზიანებელი გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ პარლამენტს მიუღია.
„ჩვენ ვხედავთ უდიდეს პროტესტს, როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების, ასევე მის გარეთ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტს პროტესტის გარდა, ლეგალური გზითაც შევეწინააღმდეგოთ და ამ მიმართულებით საკონსტიტუციო სასამართლოში სამოქალაქო სექტორის მიერ სარჩელის შეტანა, სწორი გადაწყვეტილებაა.
ამ ხელისუფლების პირობებში სასამართლოს მხრიდან პოზიტიურ მოლოდინებზე გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის კონსტიტუციის აშკარა დარღვევა და ამის უარყოფა ძალიან ძნელი იქნება. შესაბამისად, ხელისუფლების დემოკრატიული გზით ცვლილების შემდეგ, მიღებული კანონი აუცილებლად გაუქმდება“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.