სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა. იუწყება სააგენტო AFP.
ფიცო ამ დრომდე ქალაქ ბანსკა ბისტრიცის საავადმყოფოში იმყოფება.
"პრემიერ-მინისტრის გამოჯანმრთელება კარგად მიდის. ეს პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება, რადგან დაზიანებები ძალიან სერიოზულია", - განუცხადა რობერტ კალინიაკმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს უკვე შეუძლია ჭამა.
ამასთან, სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველმა ერიკ კალინიაკმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტყვიები ფიცოს წვრილ ნაწლავში მოხვდა. ”მას ხუთჯერ ესროლეს, მაგრამ ექიმებმა სასწაული მოახდინეს”, - თქვა მან.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ცეცხლსასროლი იარაღიდან 15 მაისს დაჭრეს. შემთხვევა ბრატისლავასთან ქალაქ ჰანდლოვაში, ადგილობრივი კულტურის სახლის წინ მოხდა, სადაც ფიცო მხარდამჭერებთან შესახვედრად მივიდა. მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.