ოპოზიციის ბაქიბუქი ხშირად გაგვიგონია, ისინი ამ პარლამენტში შემოსვლასაც არ აპირებდნენ და დაიფიცეს, რაც კი დასაფიცებელი ჰქონდათ ყველაფერი, შემდეგ ვნახეთ, რომ შემოვიდნენ კი არა, აქედან გასვლაც აღარ უნდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ ნახა, რომ როდესაც არ დგანან ხალხის მხარეს, მარცხდებიან.
„ამ დღეებში ოპოზიციაში ნახეს ერთ-ერთი მთავარი რამ, როდესაც ისინი არ დგანან ხალხის მხარეს და არიან უცხოეთის, სხვა ქვეყნების იმედზე, ყოველთვის დამარცხდებიან ხალხის წინაშე. ის, რაც არის ხალხის ნება, უნდა შეასრულოს საქართველოს პარლამენტმა, მათ ამისთვის აქვთ მანდატი, რომ საკუთარი ამომრჩევლები წარმოადგინონ პარლამენტში და ამ ნებით იმოქმედონ. ჩვენ რაც ვიხილეთ ამ თვეების განმავლობაში, იყო ის, რომ ოპოზიცია სრულად იყო აწყობილი იმაზე, რას განაცხადებს რომელიღაც პრესმდივანი, რომელიღაც უცხოელი პოლიტიკოსის თუ თანამდებობის პირი. ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული „ენჯეოები“, ერთი სიმბიოზი, ეს იყო მთლიანი ანატომია, რასაც ვუყურებდით, სრულად მოქმედებდნენ უცხოეთიდან მიღებული გარკვეული ტონის მიხედვით, რა განცხადებასაც მოისმენდნენ, ზუსტად ისე მოქმედებდა ოპოზიცია. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, როდესაც დავაინიცირეთ ეს კანონპროექტი, ოპოზიცია მათ შორის სხდომათა დარბაზში ამბობდა, რომ არ აპირებენ, ამ კანონპროექტზე ჰქონდეთ რეაქცია, უმრავლესობა ვერ გაიყვანა ქუჩაში, ისინი არ აპირებდნენ ამაზე ხმამაღალ პროტესტს, როგორც კი გაიგეს ერთი-ორი განცხადება გარედან, მიიღეს მითითება, რომ ახლა უნდა ჰქონდეთ ხმაური ამ საკითხზე, ზუსტად იმ მომენტში ახმაურდნენ. არანაირი საკუთარი ნება რადიკალურ ოპოზიციას არ გააჩნია, სრულად იმართებიან გარედან, რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას აკეთებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.