ღმერთმა ნუ გამომაცდევინოს ახლა თქვენ რასაც გრძნობთ და ნურავინ ნუ დამაყენოს ამ განსაცდელის წინაშე - "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა.
„მთელი ღამე არ მიძინია, რა უნდა იყოს, როგორ უნდა გაგრძელდეს, საქართველო თუ მეგობრების და პარტნიორების გარეშე იქნება, რისკები იზრდება, ამ საფრთხეებს მართლა ვაცნობიერებ. მინდოდა, რაღაც კიდევ ერთხელ, თუ საღი აზრის ლოგიკა არსებობდა, მესაუბრა ამაზე. დილით 8 საათზე მოვედი მართლა და ვფიქრობდი, ვინმე ხომ არ გამოჩნდა „ქართული ოცნებიდან“, ვინც იტყვის, რომ ამას არ გავაკეთებ, არ ვიამაყებთ იმით, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წავალთ, საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ წავალთ და ამით არ ვიამაყებთო. სამწუხაროდ, ასეთი ერთი ადამიანიც არ აღმოჩნდა უმრავლესობაში. ახალგაზრდა მწერლის, დათო გორგილაძის ძალიან სწორი შეფასება ვნახე, რომელიც ზუსტად გამოხატავდა იმ განწყობას, რაც საქართველოს ჰქონდა - „ბიბლიური ელფერის ღამე იყო, ქრისტემაც იცოდა რომ ერთი მათგანი გასცემდა, საქართველომაც იცის, რომ 84 ადამიანი უღალატებს“. მე თქვენ ზემოდან არ გელაპარაკებით, არც იქედნურად გელაპარაკებით, ჩემს ადამიანურ განცდას გიზიარებთ და ეს იქნება ბოლო შემთხვევა, რადგან თქვენთან ამაზე ლაპარაკსაც აზრი არ აქვს. თუ თქვენ თავისუფალი გადაწყვეტილების ნება დაგრჩათ, საქართველო ამასაც მოგიტევებთ, რადგან საქართველო მართლა ქრისტიანული ქვეყანაა და ქართველ ხალხს არ ახასიათებს წყენა და თუნდაც, ღალატი დიდ ხანს დაიმახსოვროს. თუ გზა არსებობს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, გადახედეთ ამ თქვენს გადაწყვეტილებას და გაიტანეთ ეს კანონი, ან საერთოდ უარი თქვით ვეტოს დაძლევაზე, ეს არის ყველაზე გონივრული არჩევანი და გამოსავალი ამ სიტუაციაში
კიდევ ერთხელ ვამბობ, ღმერთმა ნუ გამომაცდევინოს ახლა თქვენ რასაც გრძნობთ და ნურავინ ნუ დამაყენოს ამ განსაცდელის წინაშე, რომ საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინაშე მეოთხედ უნდა მისცეთ ხმა, არავის ვურჩევ და თქვენც არ გირჩევთ, ამ მდგომარეობაში ჩაიგდოთ თავი, გზა კიდევ არის - არ დაძლიოთ ვეტო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.