გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა დაგმო ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში, ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის საჰაერო თავდასხმა, რომელსაც ჰამასის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 45 ადამიანი ემსხვერპლა.
"ვგმობ ისრაელის ქმედებებს, რომელსაც ათობით უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, ისინი მხოლოდ თავშესაფარს ეძებენ ამ საშინელი კონფლიქტისგან. ღაზის სექტორში უსაფრთხო ადგილი აღარ არის. ეს საშინელება უნდა შეწყდეს," - დაწერა გუტერეშემა X-ში.
მომხდარზე შეშფოთება გამოთქვეს ვაშინგტონშიც. „ისრაელს აქვს უფლება ებრძოლოს ჰამასს, ჩვენ ვიცით, რომ ამ იერიშის შედეგად მოკლულია ჰამასის ორი მაღალი რანგის პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.
თუმცა, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად {ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების დროს}“, - ნათქვამია თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრაგიკული შემთხვევა უწოდა რაფაჰში ლტოლვილთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმას.
„მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, გუშინ ტრაგიკული შემთხვევა მოხდა“, - თქვა ნეთანიაჰუმ ორშაბათს პარლამენტში.
მისივე თქმით, ისრაელი გამოიძიებს ინციდენტს და შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.