ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც იმსჯელებენ.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე საქართველოს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება.
სხდომის დაწყებამდე, ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ "აგენტების კანონი" შეუთავსებელია ევროპული ღირებულებებთან და მისი მიღებით საქართველოს მთავრობა ბლოკავს ქართველი ხალხის ოცნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი.
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ საქართველოს მთავრობა ბლოკავს თავისი ხალხის ამ დიდ ოცნებას, და, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდების ოცნებას, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. ბლოკავს იმ კანონით, რომელზეც ევროპულმა საბჭომ თქვა, რომ ამ კანონით ეს შეუძლებელია და ის ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება.
საქართველოს ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ , რომელიც, როგორც ვხედავთ, ისევ და ისევ გამოდის ქუჩებში.ამასთანავე, საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგაც გამოდის", - თქვა ბერბოკმა.