სახალხო დამცველი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო. ლევან იოსეიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრება, სადაც აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტო განიხილება.
„ჩემი აქ მოსვლის მიზეზი და მიზანი არის ერთი - კიდევ ერთხელ გამოვხატო და გავაჟღერო ის პოზიცია, რაც საქართველოს სახალხო დამცველს გააჩნია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. მოვედი სიმართლე გითხრათ, იმიტომ, რომ, ვფიქრობ, ის სიტუაცია, რაც არის ქვეყანაში, ის დაძაბულობა საჭიროებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის გათვალისწინებას, რაც თითქმის ორი თვეა თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს.
მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ იყოს უფრო მაღალი სტანდარტი იყოს უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის, ჩემი აზრით, არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას.
ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ამ პროცესს და დღეს შესაძლებელი არის, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე და გადაავადოს ვეტოს დაძლევა, გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე.
მოგიწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღოთ ეს მოსაზრებები და ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს“, - განაცხადა იოსელიანმა.