ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელიც და უპერსპექტივოც სწორედ იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„იმის გასარკვევად, თუ რამდენად არაბუნებრივი, არაგულწრფელი და უპერსპექტივოა ეს გაერთიანება, ფრონტი, როგორც თვითონ თქვეს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩაუყენეს სათავეში. უნდა გავიხსენოთ ფაქტები უახლოესი წარსულიდან, სადაც ეს ოპოზიცია სწორედ მას რუსეთის აგენტს, გაყალბებული არჩევნებით მოსულს, უკანონო პრეზიდენტს ეძახდა და დღეს სწორედ იგივე ოპოზიცია, რომელმაც დაკარგა ყოველგვარი თავმოყვარეობა, დღეს მას აცხადებს რაღაც ფრონტის ხელმძღვანელად. რა თქმა უნდა, ასეთი გაერთიანება არის ჩვენი მოქალაქეებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მას არავითარი პერსპექტივა არ აქვს. თუ ამის არ სჯერათ, მაშინ სცადონ არჩევნებში ბედი და დაინახავენ, რა არის რეალურად მათი მხარდაჭერა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას რუსეთის აგენტს ეძახდა.
„საქართველოს არანაირი ფრონტი არ სჭირდება, არჩევნები იქნება დემოკრატიული, თავისუფალი და ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება საშუალება, თავისი ლიდერი და თავისი პროგრამა წარუდგინოს ჩვენს საზოგადოებას. ეს გაერთიანება არის არაბუნებრივი, არალოგიკურიც, არაგულწრფელიც და უპერსპექტივოც სწორედ იმიტომ, რომ ახლა ქალბატონი ზურაბიშვილის გარშემო ერთიანდება ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც მას ეძახდა რუსეთის აგენტს. იგივე ხალხი ქართულ საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე არანაირი კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა. შესაბამისად, საზოგადოება ამას გასცემს პასუხს ოქტომბრის არჩევნებზე“, – პირველი არხის ცნობით, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.