ხარკოვის ჰიპერმარკეტზე რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, 43 კი დაშავდა.
ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.
რუსეთის ძალებმა ხარკოვში ჰიპერმარკეტზე დარტყმა შაბათშ, 25 მაისს განახორციელეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰიპერმარკეტში შესაძლოა, 200-მდე ადამიანი ყოფილიყო.
ამასთან, რუსეთმა „ეს-300“-ის ტიპის რაკეტით იერიში მიიტანა ხარკოვის ცენტრში მდებარე საცხოვრებელზე, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის საჰაერო სისტემების მიწოდება და რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის უფლების მიცემა საუკეთესო საშუალებაა რუსული იერიშებისგან თავის დასაცავად.
„უკრაინის პარტნიორებს აქვთ ორი გზა მსგავსი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. პირველი: მეტი Patriot-ისდა სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის. მეორე: უკრაინამ უნდა ჩამოაგდოს რუსული სამხედრო თვითმფრინავები, ვიდრე ისინი ბომბებს ჩამოყრიან ხარკოვსა და სხვა ქალაქებში.
მოგვეცით საჰაერო თავდაცვის დამატებითი შესაძლებლობები და მხარი დაუჭირეთ უკრაინის დარტყმებს რუსეთში სამხედრო ობიექტებზე. იმოქმედეთ დაუყოვნებლივ," - განაცხადა კულებამ.