ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა მოკავშირეებს, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, გააუქმონ აკრძალვა მათი გამოყენების შესახებ რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის. ამის შესახებ სტოლტენბერგმა გამოცემა The Economist-ს განუცხადა.
„მოვიდა დრო, რომ მოკავშირეებმა განიხილონ, უნდა გააუქმონ თუ არა მათ მიერ დაწესებული ზოგიერთი აკრძალვა იმ იარაღის გამოყენებაზე, რომელიც მიაწოდეს უკრაინას. განსაკუთრებით ახლა, როცა ბრძოლების დიდი ნაწილი ხარკოვში მიმდინარეობს, საზღვართან ახლოს. უკრაინისთვის უარის თქმა ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო მიზნების წინააღმდეგ ართულებს მის თავდაცვას“, - თქვა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსები გააგრძელებენ ზეწოლას და მცირე პოზიციების დაკავებას, რისთვისაც მზად არიან გადაიხადონ ძალიან მაღალი ფასი ამ უმნიშვნელო მიღწევებისთვის.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე საყვედური გამოთქვა ევროპელი მოკავშირეების მიმართ, რომლებიც უკრაინას დაპირდნენ მილიონ საარტილერიო ჭურვს: „ამასთან ახლოს არაფერი გვინახავს“, - თქვა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა აღიარა ესკალაციის რისკი. მისი თქმით, მტავარი ამოცანაა „არ დაუშვან ეს ომი ევროპაში რუსეთსა და ნატო-ს შორის სრულფასოვან ომში გადაიზარდოს“.
თუმცა მან ხაზი გაუსვა განსხვავებას იარაღის მიწოდებას, წვრთნებსა და სამხედრო ოპერაციებს შორის: „ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, ვაძლევთ იარაღს, საბრძოლო მასალას უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ მივიღებთ უშუალოდ მონაწილეობას ნატო-ს ტერიტორიიდან სამხედრო ოპერაციებში უკრაინაში. ეს სხვადასხვაა.”
მან ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინაში ჯარების განთავსებაზე, თუ უკრაინის მთავრობა მათ შესაბამისი თხოვნით მიმართვას, იდეით, რომელსაც მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: „ეს არ არის გეგმა... ჩვენ არ ვაპირებთ ნატო-ს სახმელეთო ჯარების გაგზავნას უკრაინაში, რადგან ჩვენი მიზანია უკრაინის მხარდაჭერა, ისე, როგორც ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ ასევე იმის უზრუნველყოფა, რომ ეს არ გადაიზარდოს სრულმასშტაბიან კონფლიქტში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.