აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა კონტროლი დაამყარა 4 სოფელზე, რომელსაც 1990-იანი წლებიდან სომხეთი აკონტროლებდა.
საუბარია სოფლებზე ბაგანის-აირიმი, აშაგი-ასკიფარა, ხეირიმლი და გიზილგაჯილი, რომლებიც 1990 წლამდე აზერბაიჯანის სსრ-ის შემადგენლობაში შედიოდა.
სოფლების გადაცემა განხორციელდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში.
თავის მხრივ, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 24 მაისს სომეხი მესაზღვრეები ტავუშის რეგიონში შვიდკილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთის დაცვას დაიწყებენ. ისინი სოფელ ბერქაბერთან, ვოსკეპართან და ბაგანისთან იქნებიან. სოფელ კირანცთან ტერიტორიის დაცვა „გარდამავალი სქემით“ ორი თვის განმავლობაში განხორციელდება.
უწყების განცხადებით, ბაქო და ერევანი გამოიყვანენ ჯარებს ტავუშის რეგიონის სამი სოფლის მახლობლად მდებარე სასაზღვრო მონაკვეთიდან და მესაზღვრეებს გადასცემენ ტერიტორიების დაცვას.
მაისის დასაწყისიდან სომხეთში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება აზერბაიჯანისთვის ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგ. საპროტესტო მოძრაობას "ტავუში სამშობლოსთვის" სათავეში უდგას სომხეთის ეკლესიის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი. იგი პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს.
ერევენი და ბაქო მიიჩნევენ, რომ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შეთანხმების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯი ხელს უწყობს ურთიერთობების ნორმალიზებას.