უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მცირე შანსია, რომ რუსეთი თავს დაესხას ნატო-ს წევრ ქვეყანას, რადგან მისმა ჯარებმა უკვე აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობების ზღვარი უკრაინაში. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება Reuters.
"რუსი სამხედროები უკრაინელებთან სერიოზულ და რთულ ომს აწარმოებენ. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ უკრაინელების ერთბაშად დამარცხებისთვის, ამას უკვე გააკეთებდნენ", - განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინის სამხედრო პოტენციალს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა თავს დაესხას ალიანსს.
„არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და გადაყლაპოს მთელი დასავლური სამყარო, ამის შანსები ძალიან დაბალია“, - თქვა მან.