გამაოგნებელია, რა ძალები და როგორ ებრძვიან საქართველოს, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას.
“გულწრფელად გეტყვით, როცა ეს წავიკითხე, ემოციურად მეც საკმაოდ ავღელდი. მართლაც გამაოგნებელია, რა ძალები და როგორ ებრძვიან საქართველოს, ამ ქვეყნისა და ჩვენი გუნდის ლიდერებს. რას ერჩის ეს ძალა საქართველოს? მხოლოდ იმას, რომ აქ მეორე ფრონტი არ გაიხსნა და იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება ქართველი ხალხის გარდა, არავის მორჩილი არაა. ამის გამო, ეს ადამიანები ჩვენ დაშანტაჟებას ხან სანქციებით ცდილობენ, ახლა კი უკვე სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე გადავიდნენ“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.