ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.
გიგი წერეთლის თქმით, ამ ვითარებაში ისეთი საკვანძო ფიგურის მიერ პოსტის დატოვება, როგორიც გენერალური პროკურორია, ნამდვილად მიუთითებს ხელისუფლებაში დაწყებულ რღვევის პროცესზე.
„საზოგადოების მძაფრი პროტესტი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორია და ასევე ის საგარეო ვითარება, რომელიც შექმნა ხელისუფლების აბსოლუტურად უგუნურმა და დამაზიანებელმა ნაბიჯებმა.
არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ ეს პროცესები აუცილებლად გაგრძელდება, კიდევ უფრო გაღრმავდება და საბოლოოდ დასრულდება დემოკრატიული ცვლილებით“ - თქვა გიგი წერეთელმა.
ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მიიღო.