შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს უკრაინამ დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს, თუმცა უკრაინის გადასაწყვეტია როგორ განკარგოს ეს იარაღი.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ამოცანაა უკრაინას მიაწოდონ რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საჭირო იარაღი.
„ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ საჭირო დახმარება, ფაქტობრივად, შეერთებულმა შტატებმა გააერთიანა 50 ქვეყანა მთელს მსოფლიოში, რომ მხარი დაეჭირათ უკრაინისთვის, რათა ის არ წაშლილიყო რუკიდან, როგორც ეს ვლადიმირ პუტინს სურდა. ჩვენ გავაერთიანეთ საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ტვირთის გასაზიარებლად“, - აღნიშნა ბლინკენმა.
კონგრესის რამდენიმე წევრმა, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარემ რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა, ოთხშაბათს გამართულ მოსმენაზე ჰკითხა ბლინკენს, თუ რატომ უკრძალავს ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენებას რუსეთის შიგნით სამიზნეებზე დასარტყმელად.
კერძოდ, მან განაცხადა, რომ ასეთი აკრძალვის მომხრეა მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი და კონგრესს არ დაუწესებია ასეთი შეზღუდვები უკრაინისთვის დახმარების გამოყოფისას.
მანამდე ბლინკენმა თავი აარიდა პირდაპირი პასუხის გაცემას დამაზუსტებელ შეკითხვაზე, დაუშვებს თუ არა აშშ ამერიკული იარაღის გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე.
ამასთან, ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საჭიროდ მიიჩნევს, რომ უკრაინას მიეცეს საშუალება, რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს ამერიკული იარაღი, რადგან ეს საჭიროა მისი თავდაცვისთვის.