ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემის გეგმას მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ განაცხადა ბელგიამ, რომელიც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, მხოლოდ წელს ასეთი სახსრების მოცულობა 3 მილიარდ ევრომდე იქნება და მათი 90 პროცენტი უკრაინელი სამხედროებისთვის იქნება გამოყოფილი. ათი პროცენტი კი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.
”რუსეთმა უნდა გადაიხადოს საფასური ომის შედეგად გამოწვეული ზიანისთვის”, - აღნიშნა მან.
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის დაბლოკილი აქტივები ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიარდ ევროს მოგებას მოიტანს, ხოლო უკრაინა დახმარებას წელიწადში ორჯერ მიიღებს.