აზერბაიჯანი მზადაა გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება იმისათვის რათა თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს. ეს განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა მექსიკურ გაზეთთან " The News "-თან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სამხედრო საშუალებები, ისე როგორც ეს იყო წინათ - გადაწყვეტილება შეიძლება სამხედრო გზის სასარგებლოდ იქნეს მიღებული.
"იმ შემთხვევაში თუკი დიპლომატიური მეთოდები შედეგს არ მოიტანს, მაშინ დიახ, ჩვენ მზად ვართ ჩვენი ტერიტორიების დასაბრუნებლად ნებისმიერი საშუალება გამოვიყენოთ", _ განაცხადა მამედიაროვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი - აზერბაიჯანის ყველაზე დიდი პრობლემაა.
"ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20 % ოკუპირებული აქვს სომხეთს. 1992 წელს კი სომხეთის ჯარმა ხოჯალაში მთელი სოფელი გაანადგურა. ჩვენ ცდა არ დაგვიკლია იმისათვის რომ საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში ჩაგვეყენებინა და ეს საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეამდე მიგვეყვანა", _ აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, ხანდახან გლობალურ პოლიტიკაში არსებობს ორმაგი მიდგომების სტანდარტი და ეს არასამართლიანია.
"იმისათვის რომ ჩვენი ხმა გაიგონონ, ჩვენ ძლიერი სახელმწიფო უნდა ვიყოთ და სწორედ ამიტომაც ვმუშაობთ ჩვენ ასე აქტიურად საერთაშორისო საზოგადოებასთან. აზერბაიჯანის პრიორიტეტი ხომ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაა სომხური ოკუპაციის შესახებ", _ აცხადებს მამედიაროვი.
მისივე თქმით, სამწუხაროდ საერთაშორისო შუამავლები, კერძოდ, აშშ, რუსეთი, საფრანგეთი არ ახორციელებს შესაბამის ზეწოლას სომხეთზე.
"თუმცა უკვე არსებობს პრინციპების გეგმა პირდაპირი მოლაპარაკებებისათვის და აზერბაიჯანმა უკვე გამოაცხადა, რომ მზადაა დაიწყოს მუშაობა მშვიდობიან შეთანხმებაზე. თუმცა გადამწყვეტ მომენტში სომხეთის პრეზიდენტმა მოლაპარაკებებზე არაკონსტრუქციული პოზიცია დაიკავა", _ აცხადებს მამედიაროვი და დასძენს - "საბოლოო ჯამში მაინც მიმაჩნია, რომ ეს დროის საკითხია და სომხეთი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენთვის ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების შესახებ. ეს კი იმიტომ მოხდება, რომ ეს საერთაშორისო სამართლის საკითხია".
"სამართალი ჩვენს მხარესაა. დღეს კი აზერბაიჯანი ცდილობა ყველას დაანახოს, რომ დრო არ მუშაობს სომხეთის სასარგებლოდ. თავის მხრივ სომხები კი თავის ძალისხმევას უსარგებლო ბრძოლაში ფუჭად ხარჯავენ. ისინი მომავალზე არ ფიქრობენ", _ აცხადებს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი.