შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოთქვა აშშ-ის ოფიციალური პოზიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის კარიმ ხანის მოთხოვნის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერების გაცემასთან დაკავშირებით.
”აშშ პრინციპულად უარყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის დღევანდელ განცხადებას, რომ ის მოითხოვს ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალური პირების, ასევე „ჰამასის“ ტერორისტების დაკავების ორდერების გაცემას,” - თქვა ბლინკენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბსოლუტურად არასწორია ისრაელის სახელმწიფოსა და ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის გათანაბრება.
„ჩვენ უარვყოფთ პროკურორის მიერ ისრაელისა და „ჰამასის“ გათანაბრებას. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ არის სასტიკი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც მოაწყო ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა ჰოლოკოსტის შემდეგ და დღემდე მძევლად ჰყავს აყვანილი ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები. უფრო მეტიც, აშშ-მა ნათლად აჩვენა მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე, რომ ჰააგის სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხზე. ჰააგის სასამართლო შეიქმნა მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ, როგორც შეზღუდული იურისდიქციის სასამართლო“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
ბლინკენის შემდეგ კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.
”სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადება ისრაელის ლიდერებისთვის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ აღმაშფოთებელია. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: რაც არ უნდა თქვას ამ პროკურორმა, არ არსებობს გზა ისრაელისა და ჰამასის გათანაბრების. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის გვერდით მისი უსაფრთხოების დასაცავად“, - თქვა მან.