ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოლოდინები - რა უნდა მოხდეს და რა არა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ “ამერიკის ხმას” განუცხადა.
„მე ვფიქრობ, რომ როგორც ევროკავშირმა, ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ჩვენი მოლოდინები - რა უნდა მოხდეს და რა არა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სურს წინსვლა ევროკავშირის წევრობისკენ. მაგრამ ქართველმა ხალხმა, საქართველოს პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნიათ.
ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის საქმე არ არის იმის თქმა, თუ რომელი კანონია სწორი ან რომელი არა, მაგრამ ჩემი მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, ვუთხრა საზოგადოებას, რა შედეგები მოჰყვება ამას, ევროკავშირის გაფართოების პროცესის კუთხით, გარკვეული კანონების მიღების შემთხვევაში. და ეს არის ის, რასაც ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით ვაკეთებთ აქ, ევროკავშირის დელეგაციაში თბილისში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ლიდერების მეშვეობით, რომლებმაც გაავრცელეს განცხადება კანონის ხელახლა ინიცირებიდან მეორე დღეს და საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენის შემდეგ. ბოდიში, მაგრამ განცხადებაში ყველაფერი ნათლადაა ნათქვამი: გაიწვიეთ ეს კანონი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, კანონს საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან და ემსახურება მარგინალიზაციას და სტიგმატიზაციას.
„ჩვენ სრულიად ნათელი ვართ გზავნილში. თუმცა, ევროკავშირი არის ევროკავშირის ინსტიტუტების ჯგუფი და ასევე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ჯგუფი. ასე რომ, შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა [სიმუქის] ჩრდილები. თუმცა, საერთო მიმართულება სრულებით ნათელია და არ ვეთანხმები არგუმენტს, რომ არსებობს გაურკვევლობა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას. ჩვენ ისევ და ისევ ვიმეორებთ, რომ ჩვენი პრობლემა არ არის გამჭვირვალობისკენ სწრაფვა. პირიქით, ჩვენ გვესმის, რომ გამჭვირვალობა აბსოლუტურად აუცილებელია. თუმცა, საქართველოს აქვს საკმარისი კანონები და საკმარისი ადმინისტრაციული პროცედურები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. შესაძლოა, გარკვეული გაუმჯობესებაა საჭირო. და ჩვენ ასევე მზად ვართ მოგაწოდოთ ჩვენი ექსპერტიზა, რათა ეს მოხდეს.
მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სრულიად განსხვავებული რამ, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გამჭვირვალობასთან, არამედ იწვევს მარგინალიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას. ეს [კანონი] გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლებისთვის სერიოზული საფრთხეა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.