ლიდერებს ირჩევს ხალხი. კარგია, პრეზიდენტს რომ აქვს ასეთი განწყობა, ჩვენ არავის არაფერში ვეცილებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძემ კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელშიც ის ამბობს, რომ „წარადგენს ევროპული სამოქმედო გეგმის პლატფორმას იმ ნაბიჯებით, რომელიც საქართველოს მომავალმა პარლამენტმა უნდა გადადგას და შესთავაზებს საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, რათა ისინი კვლავ გაერთიანდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად“.
მანჯგალაძის თქმით, სამი ცენტრი თუ შეიქმნება, საარჩევნო პროცესისთვის ძალიან კარგი იქნება.
„იცით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად არსებობს „გამარჯვების კოალიცია“. ჩვენ ერთობისკენ გადადგმული გვაქვს ნაბიჯი, სხვებთან ერთადაც გვინდა, მიდის მოლაპარაკებები. ერთობა რთულია. ადამიანები სხვადასხვა წარსულიდან მოდიან, სხვადასხვა ბიოგრაფია აქვთ. შეიძლება, ერთობა არ იყოს, მაგრამ, ისეც არ უნდა დაქუცმაცდეს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა შეექმნას. მაგალითად, თუ შეიქმნება სამი ცენტრი, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს აუცილებლად გადალახავს, ეს იქნება ძალიან კარგი საარჩევნო პროცესისთვის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
მანჯგალაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის წინააღმდეგი არ არის.
„ჩვენ არაფერი წინააღმდეგობა არ გვაქვს. იყოს ქალბატონი ზურაბიშვილი ამ პროცესის ლიდერი. მე ვფიქრობ, ყველა ლიდერია, ვინც საქართველოს დროშას მოიხურავს და მოდის აქციაზე, მაგრამ ზურაბიშვილს თუ უნდა, რომ იყოს მართლა ლიდერი, იყოს ლიდერი“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.