სალომე ზურაბიშვილს ამ კონსტიტუციისთვის სისხლი არ დაუღვრია, არ უბრძოლია, როდესაც კონსტიტუცია შენ გულთან ახლოს არ არის, მაშინ ისე თელავ, რომ არანაირი ემოციაც კი არ გიჩნდება ამაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება ქალბატონი სალომეს განცხადებას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. იმ კონსტიტუციისა, რომელიც მას არ აინტერესებს, გავიგეთ უკვე რამდენჯერმე და ამიტომ დიდი მოლოდინი არც გვაქვს, რაიმე ღირებულებას ხედავდეს ის ქართულ კონსტიტუციაში. ეს კონსტიტუცია მისი არ არის, ამ კონსტიტუციისთვის მას სისხლი არ დაუღვრია, არ უბრძოლია. ამ კონსტიტუციისთვის ქართველმა ხალხმა ვიბრძოლეთ, ვინც აქ ვიყავით, ბავშვები ვიყავით, თინეიჯერები, მოზრდილები, თუ ზრდასრულები ჩვენ ვიბრძოლეთ ამ კონსტიტუციისთვის. მას ეს კონსტიტუცია თავისად არ მიაჩნია და ეს არის შედეგი. როდესაც კონსტიტუცია შენ გულთან ახლოს არ არის, მაშინ ამ კონსტიტუციას ისე თელავ, რომ არანაირი ემოციაც კი არ გიჩნდება ამაზე. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა. რაც შეეხება რაღაც ჯგუფების ლიდერობას, ამას ისედაც ვხედავთ რაც და როგორ არის. ოპოზიციაში სინამდვილეში არანაირი საკუთარი ნება არ გააჩნიათ, გარედან როგორც დაულაგებენ, რა კომბინაციით უნდა იყვნენ, ზუსტად ისე დალაგდებიან, არც მეტი, არც ნაკლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.