დღეს ფაქტობრივად შედგა რეფერენდუმი, ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით, თავისი ხმის გაგონებით დაუჭირა მხარი ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონპროექტს, ახლა ეს უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, ხალხის რეფერენდუმი გადააქციოს კანონად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მინდა, მთლიანად საქართველოს მივულოცო ოჯახის სიწმინდის დღე. ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საქართველოს ეკლესიის ინიციატივით 10 წლის წინ დაწესდა. დღევანდელ სამყაროში ბევრი რამ დგას გამოწვევის წინაშე, მათ შორის ოჯახის ის ტრადიციული გაგება, რაც ათასწლეულებია მოგვდგამს, როგორც საქართველოს, ისე ზოგადად, სამყაროს. დღეს ცდილობენ, ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ღირებულებითი თვალსაზრისით ბევრი რამე ამოატრიალონ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ინიციატივა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ ამ დღეს განსაკუთრებით გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ოჯახური ღირებულებების მიმართ. კერძოდ, დამოკიდებულება უფროსების პატივისცემის, სტუმარ-მასპინძლობის მიმართ. როგორც დღეს მეუფე შიომ აღნიშნა, სამი ეპოსტაზი, რომ ოჯახში არის მამა, დედა, ბავშვი, სადაც არის კაცი, ქალი და ბავშვი, ეს გაგება იყოს სრულად აღქმული და წარმოჩენილი ხალხის მხრიდან.
იცით, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ. დღეს ბოლო დღე იყო ამ კონსტიტუციური ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის. დღეს 100 ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოვიდა თბილისში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დღეს ფაქტობრივად, შედგა რეფერენდუმი ამ კონსტიტუციური კანონის პროექტზე და დღეს ქართველმა ხალხმა თავისი გამოსვლით, თავისი ხმის გაგონებით დაუჭირა მხარი. ახლა უკვე პარლამენტის ვალდებულებაა, ხალხის ეს რეფერენდუმი გადააქციოს კანონად. ჩვენ უკვე დავიწყებთ საპარლამენტო განხილვას კონსტიტუციური კანონის პროექტის. ახლა დაუდგება ოპოზიციას ჭეშმარიტების მომენტი, როდესაც მოუწევს თვალში ჩახედოს ამ რეფერენდუმში მონაწილე ხალხს, რომელიც დღეს გამოვიდა საქართველოს ქალაქებში და მიიღოს გადაწყვეტილება, დგას ქართველი ხალხის მხარეს, თუ დგას რაღაც პატარა ჯგუფების მხარეს, რომლებიც ცდილობენ, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შეარყიონ ღირებულებები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.