უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინას არ შეიძლება აეკრძალოს დასავლური იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის, რადგან ეს არის თავდაცვის ნაწილი და არა თავდასხმა.
„მე არ ვფიქრობ, რომ რაიმე აკრძალვა უნდა იყოს, რადგან ეს არ ეხება უკრაინის არმიის შეტევას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებით, ეს არის იგივე პრევენციული ზომები, რომლის შესახებაც ჩვენ ყველას ვუთხარით სრულმასშტაბიანი შემოჭრის წინ. ეს იგივეა. არის გაფრთხილება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განმარტა, რომ ეს დარტყმები განხორციელდება „ნაცრისფერ ზონაში“, საიდანაც რუსეთის ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაიყვანა. ”მათ საზღვარზე თითქმის არ ჰყავთ მშვიდობიანი მოქალაქეები”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მან ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტის მიზანზე. ზელენსკის თქმით, უპირველესად ბლინკენმა უკრაინაში ჩაიტანა 2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი და მეორეც, წინადადებები შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიებისთვის. მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტი უკვე არსებობს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ასევე განიხილეს უკრაინის ხედვა ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ახლა მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვის სისტემებია. "რა ეტაპზეა დიალოგი ამა თუ იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს შესაბამისი სისტემები? სად ვხედავთ მათ, სად ხედავენ მათ ჩვენი პარტნიორები, როდის შეიძლება მოხდეს ეს და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?" - თქვა ზელენსკიმ.