ვთავაზობ ხელისუფლებას, ხუთი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე და გაიტანონ ეს კანონი, თუ ამას მარცხად მიიღებთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არ მიიღოთ, ოღონდ ხალხს თავ-პირს ნუ დაალეწავთ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს აწერენ ისეთ რამეს, რაც მათთვის ისტორიაში ძალიან მძიმედ აისახება.
„არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს დეპუტატები გამოკეტილი ჰყავდეს პარლამენტში, რადგან დამცირების ყველა ფორმა აქვს გამოყენებული მათ მიმართაც და ფიქრობს, რომ ასე ცინიზმით მოექცევა საქართველოს მოქალაქეებსაც. დღევანდელი ბრიფინგები რას ეძღვნებოდა, რომ ბრუტალურები ვიქნებითო, დაგიჭერთო. გაიხსენეთ ერთი კანონი, რომელიც ემსახურებოდა ხალხის კეთილდღეობას და უთქვამთ, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, ამიტომ ამ კანონს მივიღებთ ისე, რომ თქვენ არ დაგიჭერთ ყველას. ახლა კანონს იღებენ, რომლის გამოც ასი ათასობით ადამიანი ამბობს, რომ არ გვინდა. კიდევ ერთხელ ვთავაზობ ხელისუფლებას, ხუთი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე და გაიტანონ ეს კანონი, თუ ამას მარცხად მიიღებთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არ მიიღოთ, ოღონდ ხალხს თავ-პირს ნუ დაალეწავთ და თუ ამას არ აკეთებთ და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კრემლიდან არის დავალებული, რადგან ერთდროულად ოკუპირებულ აფხაზეთშიც იგივე კანონის მიღება დაავალა კრემლმა, ერთ კვირაში შემოდის საქართველოში და პრორუსულ ქვეყნებში ერთდროულად დაიწყო რუსული კანონის მიღების პროცესები და ეს ხომ დამთხვევა არ არის?! ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის კრემლიდან დავალებული. საქართველო არასდროს არ იტყვის ევროპაზე უარს, არასოდეს არ იტყვიან ევროკავშირის წევრობაზე უარს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენ ყველა ამ ბრძოლას მშვიდად, წყნარად მივიყვანთ გამარჯვებამდე და ვწუხვარ იმათ გამო, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, რადგან ხელს აწერენ ისეთ რამეს, რაც არ გამოადგება მომავალ თაობას. ისტორიაში ძალიან მძიმედ აისახება მათთვის.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.