დღეს არის მცდელობა ეიჯიზმისა, თითქოს რომელიღაც ასაკის ადამიანს – მეტი, რომელიღაცას ნაკლები ეთქმის. ეს ჩვეულებრივი ეიჯიზმია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„„ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულება ჰქონდა ასაკოვანი ადამიანის მიმართ, ფაქტობრივად, ჩარეცხეს გარკვეული ასაკის ადამიანები. ეს იყო ეიჯიზმი. „ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონილია ეს ეიჯიზმიც, რომელიც გამოყენებული აქვთ სხვა მხრივ. გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს თურმე რატომღაც მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა. ყველას აქვს ერთი ხმა. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ეს არის დემოკრატია. 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს ამ იდეების მხარდასაჭერად და მათი ხმა ხმა არ არის? თუ რანაირად ზომავენ? ასაკით, სქესით, თვალის ფერით? თუ სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ, ეიჯისტური თუ ფაშისტური?! მთავარი სათქმელი ზუსტად ეს არის. აქ საამაყო, სათქმელი ან ხაზგასასმელი ასაკი კი არ არის, მთავარი შინაარსია. არა ფორმა, არამედ შიგთავსი. ზოგი ასაკოვანი ახალგაზრდულად გამოიყურება და ზოგი ახალგაზრდა – ასაკოვანად, ფორმა ხომ არ არის მთავარი, მთავარი შინაარსია. შინაარსი და კითხვა არის მარტივი: რა არის ამ კანონში ისეთი, რაც არის მიუღებელი, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო? ეს კანონი ზუსტად ამ თითოეული ახალგაზრდის ინტერესშია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.