არჩევნები რამდენიმე თვეშია. ვინმეს თუ მართლა ჰგონია, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი კიდევ ერთხელ, მეცხრეჯერ გასცემს პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ დღეს პირდაპირ სრულდება ის, რაზეც მმართველი გუნდი დიდი ხანია, საუბრობს.
„ეს დასტურია იმის, რასაც დიდი ხანია, ვსაუბრობთ და რაც სხვადასხვა ტრენინგით მზადდებოდა. ესეც ხომ ვიღაცას იუმორი ეგონა და სერიოზულად არ უყურებდა, როცა ვსაუბრობდით აკერმანის ტრენინგებზე. პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ხომ სრულდება ახლა ის, რაც იმ წიგნში, ტრენინგების მასალაშია, ვიზუალი-ვიზუალზე იდება პირდაპირ. რთულია, მოიყვანო ამაზე მეტი ცხადი დასტური, მაგალითი, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.
რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, იმას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს. არის პოლიტიკური უმცირესობა და ცდილობს, დემოკრატიული მეთოდებიდან გვერდის ავლით, ძალადობით და წყლის ამღვრევით მოიპოვოს ძალაუფლება.
არჩევნები რამდენიმე თვეშია. თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ხალხის მხარდაჭერა აქვს, 26 ოქტომბერს გამოვიდეს და ხალხი კიდევ ერთხელ, მეცხრეჯერ გასცემს პასუხს არჩევნებზე, თუ რას ფიქრობს მასზე საზოგადოება. ესაა, რასაც ეს დღეები ვაკვირდებით – პარლამენტზე თავდასხმა, თითქმის ყოველი აქცია ძალადობაში გადაიზარდა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ყოველ ჯერზე „ენჯეოების“ წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს, მშვიდობიან აქციას აქცევდნენ ძალადობრივად იმით, რომ მოუწოდებდნენ, მომხდარიყო პარლამენტის შენობის პიკეტირება, მისი ბლოკირება, რაც კანონით აკრძალულია, ამ ბლოკირების დროს პირდაპირ კონტაქტში შესულიყვნენ პოლიციასთან, რასაც აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები მოჰყვებოდა.
ვერ ვნახე ვერცერთი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის, თუ დონორებისა, რომელთა დაფინანსებითაც მოქმედებენ „ენჯეოები“, სცენაზე რომ დგანან და მოუწოდებენ აქციას, გავიდნენ ვიწრო ქუჩებში, კანცელარიასთან ან ბლოკირება მოახდინონ პარლამენტის, რაც კანონის დარღვევაა. ამას ერთადერთი მიზანი აქვს, გააკეთონ ძალადობის ინსპირირება. დაშავდა რვა პოლიციელი, ერთს დასჭირდა ოპერაცია. დღემდე არცერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება არ მომისმენია საკუთარი „ენჯეოს“ მიმართ და არცერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული „ენჯეოებიც“ მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც ძალადობას იწვევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.