უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოს მოუწევს რეაგირება, ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, კანონპროექტი ამ მდგომარეობით არის სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
„მე გულწრფელად ვიმედოვნებ, ნაპოვნი იქნება საპარლამენტო პროცედურები, რათა არ მოხდეს ამ კანონის ამჟამინდელი ფორმით დამტკიცება.
რაც შეეხება შესაძლო ნეგატიურ მოვლენებს, მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ თქვენ ამ კითხვის დასმა გიწევთ. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე, რაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი. ასე რომ, ამ მომენტისთვის, მოდით, გვქონდეს იმედი, რომ ეს კანონი არ იქნება დამტკიცებული და ჩვენ არ მოგვიწევს ფიქრი შესაძლო ნეგატიურ რეაქციებზე ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რათა არ მოხდეს ამ კანონის მიღება.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენ პარლამენტის წევრებთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შევისწავლით ყველა შესაძლებლობას, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს და არ მოგვიწიოს შედეგებზე ფიქრი. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი დამტკიცდება, რა თქმა უნდა, ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოს მოუწევს რეაგირება და ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ამ ეტაპზე, ნეგატიური მოვლენების სპირალზე. მე არ მსურს, ქართველი ხალხი დაისაჯოს, რადგან საბოლოოდ ეს ნეგატიურად აისახება რიგით ადამიანებზე, თითოეულ პიროვნებაზე. სწორედ ამიტომ, ამ მომენტში, მოცემულ გარემოებებში ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ამ ეტაპზე არ გადავიდეთ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. (პირველი არხი)