ივანიშვილმა უკვე მიანიშნა, რომ იქნება დიდი გაყალბება და მანიპულაცია მომავალ არჩევნებზე - აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.
კრამონის თქმით, ვინც მოუსმინა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას 29 აპრილს, ყველა მიხვდა, თუ რა აქვს ჩაფიქრებული.
"ნებისმიერი, ვისაც ჰქონდა "ბედნიერება", რომ მოესმინა მისი [ივანიშვილის] გამოსვლა და სწორად გაიგო მისი სათქმელი, მეტნაკლებად მიხვდა იმასაც, რა აქვს ჩაფიქრებული. მან უკვე მიანიშნა, რომ იქნება დიდი გაყალბება და მანიპულაცია მომავალ არჩევნებზე.
სწორედ ამიტომ სჭირდება მას ეს კანონი, რომ ოფშორებიდან უსაფრთხოდ შეიტანოს ფული ზედმეტი გადასახადებისა, თუ თანხის გადატანის საზღაურის გარეშე. ვფიქრობ ის ძალიან ნათლად აცნობიერებს, რომ იმ მანიპულაციების, გაყალბების, თუ ნებისმიერი სხვა რამის გამო, რასაც ის არჩევნებთან დაკავშირებით გეგმავს, მას დაუწესებენ პერსონალურ სანქციებს. ასე რომ, ის ამას ელოდა.
მან ძალიან ნათლად ისაუბრა იმაზე, ვინაა მისთვის დასავლეთი და ძალიან მკაფიოდ დაყო [საზოგადოება] "ჩვენ" და "ისინი" ცნებებად. მან ასევე საერთოდ არ აჩვენა რაიმე სურვილი, რომ კონსტიტუციით დაკისრებული მოთხოვნის შესაბამისად, საკუთარი ხალხისთვის იმუშაოს.
ახლა, რას ნიშნავს ის, რომ ისაა პარტიის სათავეში, რომ მან კვლავ აიღო ხელში პარტიის მმართველობა და ისაა პასუხისმგებელი პირი - აქამდეც ის იყო, ვინც ქვეყნის მმართველობის უკან იდგა, მაგრამ ახლა ოფიციალურადაც ასეა. ის, როგორც იქნა, თავის რეალურ სახეს აჩვენებს, ისევე როგორც იმას, რაც მისი ნამდვილი მისწრაფებაა. ვხედავთ რამდენად ახლოსაა ის რუსეთთან, როგორია მისი აზროვნება, რამდენად ანტიდასავლური და ცინიკურია და რამხელა ზიზღს გრძნობს. ასე რომ მგონია, რომ კარგად უნდა მოვემზადოთ", - თქვა კრამონმა.
ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ "აგენტების კანონი" ქართულმა ოცნებამ დააბრუნა, რადგან სურს, მიზანში ამოიღოს არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციები.
"მათ ადგილობრივი [საარჩევნო] დამკვირვებლების სამიზნეში ამოღება სურთ. საქართველოში ყოველთვის იყო იმის უპირატესობა, რომ არსებობდნენ არაჩვეულებრივი ადგილობრივი დამკვირვებლები, ასევე არაჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. ყოველთვის შეიძლებოდა მათზე დაყრდნობა. მაგრამ მათ [საქართველოს მთავრობას] სურთ, რომ აღმოფხვრან ეს, რომ ხალხის დისკრედიტაცია მოახდინონ. მათ სურთ, რომ [დამკვირვებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს] დონორებისგან შემავალი თანხა შეუმცირდეთ, რომ მათი ცხოვრება უფრო რთული გახდეს საარჩევნოდ, რომ არჩევნების დღესა და მის შემდეგ [სამოქალაქო საზოგადოებას] აღარ ჰქონდეს რეალური ხმა, ისეთი ძლიერი ხმა, როგორიც მათ წარსულში ჰქონდათ. ჩემი აზრით, მათი ძალიან ნათელი სტრატეგიაა, რომ ადგილობრივი დამკვირვებლების წინაააღმდეგ წავიდნენ.