მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელზე, ლადო აფხაზავაზე თავდამსხმელი 4 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა აღკვეთის ღონისძიების სახით სწორედ 4 000 ლარის ოდენობით გირაო მოითხოვა, რაც მოსამართლე ია ბარამიძემ დააკმაყოფილა.
ასევე, კობა ფიფიაშვილს აეკრძალა ლადო აფხაზავასა და მის თანმხლებ პირთან მიახლოება და ყველანაირი სახის კომუნიკაცია.
მანამდე, პროკურატურამ ლანჩხუთში, ლადო აფხაზავასა და მის შვილზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 5 მაისს, ქალაქ ლანჩხუთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ მეზობლად მცხოვრები ორი პირის მიმართ ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ორივე მათგანს სახის არეში ხელი დაარტყა.
კ.ფ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, ლადო აფხაზავას უცნობი პირები საკუთარ სადარბაზოსთან თავს 5 მაისს დაესხნენ.