მოვუწოდებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, ლევან იოსელიანმა ასევე მოუწოდა დღევანდელი აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები, მისი მშვიდობიანი ფორმა, რათა ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში.
„ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერების გაცნობისა და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად, მსურს, საზოგადოებას წარვუდგინო ჩვენი პირველადი შეფასება.
ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება, შესაძლოა, იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარია, გათავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც, ჩვენი დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში ნამდვილად არ იყო სახეზე. მოგვიანებით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ სამართალდამცველებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, მათ შორის დამიზნებით. ასევე, ზოგადად, აქციის მონაწილეების მიმართ წიწაკის სპრეის გამოყენება აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მოხდა, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის გათავისუფლება. არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა მისი გამოყენების საფუძვლები.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დგინდება, რომ არ მომხდარა სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება. 22:22 საათიდან სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილების გარეშე ადგილი ჰქონდა ცრემლსადენი გაზის დიდი ოდენობით გამოყენებას. ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას რამდენიმე წამში მოჰყვა წყლის ჭავლის გაშვება.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და შემდგომაც აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის, შესაბამისად, მისი დაშლისკენ მოწოდებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების შეკრების თავისუფლებებში ჩარევის საფუძველი.
თქვენ იცით, რომ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს, რომელიც, მისი განმარტებით, სამართალდამცველებმა სცემეს. გარდა ამისა, წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავდნენ გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი და ხელი შეეშალა „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფის საქმიანობას.
30 აპრილის ღამეს და პირველი მაისის მთელი დღის განმავლობაში მოვინახულეთ 49 პირი. აქედან ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო 47. რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის, ზუგდიდის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, გორის, ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 31 პირი მიუთითებდა პოლიციის, სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-დან 19 ითხოვდა რეაგირებას, რის შესახებაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაუყოვნებლივ ეცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. დაკავებულებთან ვიზიტები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, უსაფუძვლოდ არ ჩაერიოს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აღარ დაუშვას სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებისა და ძალადობის ფაქტები. ასევე, მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გაატაროს კანონისმიერი ეფექტიანი ღონისძიება 30 აპრილს და პირველ მაისს სამართალდამცველი პირების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების მქონე თითოეული ფაქტის გამოძიების, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის პირთა იდენტიფიცირებისა და მათ მიმართ კანონიერი ღონისძიებების გატარების მიზნით“.(პირველი არხი).