საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა 30 აპრილს - 1 მაისს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეების დარბევას.
"ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროს არის გამოსავალი. გერმანია და ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ ამ მოვლენებს. ჩვენ საქართველოს პარტნიორები და მეგობრები ვართ მშვიდობაში, თავისუფლებასა და განვითარებაში"- წერს პეტერ ფიშერი.
შეგახსენებთ, 30 აპრილს საღამოს და 1 მაისს გამთენიისას, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა, პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი მომიტინგეები რამდენჯერმე დაარბიეს. წყლის ჭავლისგან, რეზინის ტყვიებისგან, მხუთავი აირისა და წიწაკის სპრეისგან, პროტესტის მონაწილეები აირწინაღებით, ფიზიოლოგიიური ხსნარით და ბარიკადებით იცავდნენ თავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირი დააკავეს.
უწყების განცხადებით, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.