ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორის ხერტ იან კოოპმანის ვიზიტს საქართველოში და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, შესაფერისი დრო არ არის საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოსაცხადებლად.
კრამონის თქმით, ახლა დროა, ევროკავშირმა შეწყვიტოს აღმასრულებელ დონეზე საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება და აამოქმედოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რაც შეიძლება სწრაფად.
"არ ვფიქრობ, რომ ახლა არის შესაფერისი დრო საქართველოს მთავრობასთან ახალი პროექტების გამოსაცხადებლად. უმჯობესია, ევროკავშირმა შეწყვიტოს აღმასრულებელ დონეზე საქართველოს ხელისუფლების დაფინანსება და აამოქმედოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რაც შეიძლება სწრაფად", - დაწერა კრამონმა სოციალურ ქსელში.
სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი ხერტ იან კოოპმანი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, კოოპმანი მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ცხრა ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე.
„კოოპმანი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, მთავრობისა წევრებს, მათ შორის, ვიცე-პრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. ის ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, საპარლამენტო პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და პარტნიორებს საინვესტიციო საკითხებში. კოოპმანი გახსნის ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს დახმარებას საქართველოს საირიგაციო ქსელის რეაბილიტაციაში, ასევე ინვესტირების ხელშეწყობას განახლებადი ენერგოგენერაციის პოტენციალი გაზრდაში და სესხების ეროვნულ ვალუტაში წახალისებას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.