„რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი მოქალაქე გაქცეულია ქვეყნიდან იმიტომ, რომ საკუთარი ოჯახი არჩინოს. ფაქტია ისიც, რომ 1 მლნ 200 ათასი ადამიანი სახელმწიფოსგან გარკვეული ტიპის დახმარებას იღებს, 650 000 ადამიანზე მეტი სოციალურად დაუცველია, რამდენიმე ასეული ათასი ჩვენი მოქალაქე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს - ამ დროს თქვენი საზრუნავი და მთავარი სატკივარი არის ის, რომ როგორღაც შეინარჩუნოთ ძალაუფლება. მთავარ მიზნად გაქვთ ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად და ეს გჭირდებათ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური კორუფცია, რომელშიც ჩაფლულია „ქართული ოცნება“ - უფრო მეტად გააღრმაოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს ძალაუფლების შენარჩუნება იმდენად დიდ მიზნად აქვს გამოცხადებული, რომ მზად არის რისკის ქვეშ დააყენოს ქვეყნის დამოუკიდებლობა.
„ძალაუფლების შენარჩუნება იმდენად დიდ მიზნად გაქვთ გამოცხადებული, რომ მზად ხართ რისკის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რადგან როგორც კი ქვეყანა მოექცევა იზოლაციაში (ღმერთმა არ ქნას რომ ეს ასე მოხდეს) და როგორც კი ქვეყანა დარჩება მეგობრების გარეშე რუსეთთან პირისპირ, ზუსტად იცოდეთ, რომ ავტომატურად, იქ მთავრდება სუვერენიტეტიც, დამოუკიდებლობაც, ტერიტორიული მთლიანობაც და სხვა დანარჩენიც. ამიტომ მოგიწოდებთ გადადგით რეალური ნაბიჯები და გაატარეთ რეალური რეფორმები. იფიქრეთ ხალხის პრობლემებზე. დღეს მართლაც გვაქვს შანსი გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.