მე არ მახსოვს, ასეთი დაძაბული ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს თავის პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირთან, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალია საბანაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გამჭვირვალობის კანონის ხელახლა ინიცირებით ცივი ომის მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა.
საბანაძის თქმით, ახლა ამ ურთიერთობის გამოსწორება ძალიან რთული იქნება.
„მე არ მახსოვს, ასეთი დაძაბული ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს თავის პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირთან.
პარადოქსულია ფაქტიურად, რადგან კანდიდატი ქვეყანა გავხდით და ჩვენი ურთიერთობა გაიყინა. ამ კანონის შემობრუნებით, საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად ცივი ომის მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა და ძალიან რთული იქნება ამის გალღობა და გამოსწორება და იმედია, ეს გამოსწორდება“, - თქვა მან.
რაც შეეხება რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ სავარაუდოდ, ხვალ უყრის კენჭს, საბანაძმ თქვა, რომ ეს მმართველი ხელისუფლების ქმედებების გამოძახილია.
„ეს რეზოლუცია არის ამის გამოძახილი. გასათვალსიწინებელია ის კონტექსტი, რომლეშიც ეს ყვეალფერი ხდება, ეს ხდება დასავლეთის და რუსეთის ძალიან სერიოზული დაპირისპირების ფონზე. რეალურად ეს არის ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ და ტრადიციული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში საქართველო რეალურად ხდება იარაღი რუსეთის ჰიბრიდული ომის. ამ ტიპის კანონის შემოღება, რეალურად არის ამის მიზეზი", - განაცხადა საბანაძემ.