არავის დაუსვამს ტოლობის ნიშანი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შორის, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის სამარცხვინო პროპაგანდა.
პოლიტიკოსის თქმით, დღეს ევროპული მომავლის დაბრკოლება არსებობს, რაც არის დაკავშირებული „რუსული კანონის“ მიღებასთან.
„არავის დაუსვამს ტოლობის ნიშანი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას შორის, ეს არის ცრუ პროპაგანდა. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და ამ პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ეს სამარცხვინო პროპაგანდა აბსურდია, ისევე როგორც სახელისუფლებო არხების სამარცხვინო პროპაგანდა, რომელიც აცხადებს, რომ თითქოს სააკაშვილის გარშემოა ატეხილი მთელი აჟიოტაჟი. მიხეილ სააკაშვილი დაკავებული იყო თუ არა, როცა საქართველომ მიიღო სტატუსი? იყო, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ დღეს ჩვენ საქმე გვაქვს ევროპული მომავლის დამაბრკოლებელ სხვა ფაქტორებთან და არაფერი ამას საერთო არ აქვს სააკშვილის დაკავებასთან, ეს უკავშირდება ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომ მიიღოს რუსული კანონი, მოახდინოს ჩვენი ქვეყნის ხელახალი გასაბჭოება, გააუქმოს ქვეყანაში დემოკრატია და ევროკავშირი ჩვენ გვეუბნება, რომ ასეთ სახელმწიფოს ევროკავშირში არაფერი ესაქმება. აი, ეს იყო გუშინდელი გზავნილი ევროპარლამენტის მხრიდან და ნუ ატყუებს ხელისუფლება, მათ შორის, იმ ადამიანებს, რომლებსაც მოერეკება კონტრაქციებზე. კონტრაქცია ბევრი გვინახავს და კონტრაქციებიდან რამდენიმე დღეში დასრულებული ხელისუფლებაც ახსოვს ქვეყანას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.