რა დონეზე უნდა დაეცე, რომ ევროპარლამენტში გეჯდეს კრიმინალი გვარამია, რომელიც როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო სასამართლოს დამნაშავედ აღიარა, უსმენდე მის მესიჯებს და შემდეგ ამუნათებდე ქართულ პოლიციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, საქართველოში ნიკა გვარამიას მსგავსი ადამიანები ლიდერები ვერ გახდებიან.
„ეჭვი მაქვს, დაფინანსებული იყო, რომ გვარამია ოპოზიციის ლიდერად გამოეცხადებინათ. საკუთარ პარტიაში არ აღიარებენ ლიდერად. ფსევდოსტატუსებით და მანიპულაციებით უნდათ, არჩევნებზე გავიდნენ ლიდერად. ლიდერად კი არა, ორ ბატს არ ჩაგაბარებენ, რადგან ვნახეთ შენი მენეჯმენტი მედიაში. იპარავ და ამისთვის დაისაჯე. ასევე ვნახეთ შენი მენეჯმენტი, პროკურორი რომ იყავი, სიცრუესა და არარსებულ არგუმენტებზე დაყრდნობით იჭერდი ხალხს. ვნახეთ შენი, როგორც ადამიანის ღირებულებების ერთობლიობა, სადაც დგახარ და როგორც დგახარ. კახელებს როცა ეუბნები „ჩაგიფსი ღვინოში“, ესაა შენი ღირებულება და ესა ხარ შენ. ამ განცხადებების პატრონს გაქვს პრეტენზია, პოლიტიკაში მოხვიდე? შენ ამ ხუთი-ექვსი ევროპარლამენტარის ლიდერი იქნები, იქ იქნები ლიდერი. საქართველოში შენისთანები ლიდერები ვერ გახდებიან, მაქსიმუმ ვიწრო წრეში, საიდანაც გამოგაგდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, რომელსაც პარტია „ახალის“ თანდავმჯდომარე ნიკა გვარამიაც ესწრებოდა.