ოპოზიციის ერთი ჯგუფი გვეუბნებოდა, მიხეილი სააკაშვილი თუ არ გათავისუფლდება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებაო. სააკაშვილი ციხეშია, ჩვენ კი კანდიდატის სტატუსი გვაქვს. იგივე ჯგუფი ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაყენებას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ოპოზიციის ნაწილთან საუბრები ჰქონია, აუხსნია, თუ რა სამხედრო დაპირისპირების და ეკონომიკური კოლაფსის რისკს შეიცავდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საპასუხოდ ისმენდა, „რას იზამ, ყველა ჩვენს საფასურს ვიხდით“.
„რას გვეუბნება წარსულის გაკვეთილი? ზუსტად იგივე ჯგუფი გვეუბნებოდა, სააკაშვილი თუ არ გათავისუფლდება, კანდიდატის სტატუსი არ იქნებოდა. კრიმინალი უნდა იყოს გარეთ, თუ გვინდა კანდიდატის სტატუსიო და ამას ითხოვდა ეს ხალხი, მიტინგებს ატარებდა, აქციებს. სააკაშვილი ციხეშია, ჩვენ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. იგივე ჯგუფი ითხოვდა და ითხოვს, რომ რუსეთს სანქციები დავუწესოთ. ზოგიერთთან მქონია საუბრები იმაზე, რა რისკებს შეიცავს ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთისთვის, რომ ეს სამხედრო დაპირისპირებაში შესვლისა და ეკონომიკური კოლაფსის რისკს შეიცავს, ზოგიერთის მხრიდან პასუხი იყო: „რას იზამ, ყველა ჩვენს საფასურს ვიხდით“. ბოდიში მოგვითხოვია, მაგრამ არ ვაპირებთ, საფასური იყოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ამას საპირწონედ არ დავაყენებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.