დღეიდან საგანგებო სიტუაციებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები გაერთიანდა. მათ ერთი ხელმძღვანელი ჰყავთ. აღნიშნულ სამსახურებს თემურ გიორგაძე უხელმძღვანელებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილება იმითაა განპირობებული, რომ როგორც საგანგებო, ისე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურების მუშაობა ოპერატიული გახდეს.
"ამიერიდან ნესმიერ გამოძახებაზე საგანგებო სიტუაციებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები ერთად გავლენ. ამით მოქალაქეებისადმი ჩვენი დახმარება უფრო ოპერატიული და ეფექტური ხდება", - განმარტავს გიორგაძე.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოქალაქეებს კვლავ 033-ზე დარეკვით, საგანგებო სიტუაციების ბრიგადის გამოძახება კი 011-ზე დარეკვით შეუძლიათ, თუმცა გაზაფხულიდან მათ საერთო ნომერი ექნებათ და ის სავარაუდოდ, 112 იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურები ერთ შენობაში განთავსდება. შესაბამისი შენობის მშენებლობა ვაშლიჯვარში უკვე მიმდინარეობს.