საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განმარტებით, კატეგორიულად მიმართავს პარტიულ აქტივს, ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ შეკრებაში მონაწილეობის მიღება, არ შესთავაზონ წამოსვლა.
„კატეგორიულად მივმართავ, ვისაც არ უნდა, რომ მხარი დაუჭიროს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ერთი ადამიანიც ნუ მოვა აქციაზე. ჩვენს პარტიულ აქტივს, რომელიც ზოგი საკრებულოს თავმჯდომარეა, ზოგი საკრებულოს წევრია, ზოგი საერთოდ არ მუშაობს არცერთ საჯარო უწყებაში, ყველას მივმართავ, ნურც ერთ ადამიანს ოდნავადაც ნუ მიაძალებთ, თუ არ უნდა წამოსვლა. ნუ ეტყვით, მოდი, მაინც ხომ არ წამოხვიდოდი. საჯარო მოხელეს და არც არასაჯარო მოხელეს ვერავინ საყვედურსაც კი ვერ ეტყვის იმის გამო, რომ არ წამოვიდა ან წამოვიდა. ვერც წამოსვლისთვის, სხვათა შორის, და თქვენ რომ აბულინგებთ, თავი დაანებეთ იმ ხალხს. იმ დღეს იქნება იქ გულწრფელი ადამიანების დიდი ერთობა, დიდი შეკრება, რომლებიც დააფიქსირებენ თავიანთ აზრს. რომელსაც სხვა აზრი აქვს, ის აქციაზე დადის, პრობლემა არ არის.
ერთი კვირის განმავლობაში წევთ ხოლმე ამბავს ჰაერში, საჯარო მოხელემ დაწერა ხელისუფლების საწინააღმდეგოო, მერე რა, დაწერა. „ნაცები“ ხომ არ ვართ, იმათ ვსდიოთ. აგერ, დროშით ხელში საჯარო მოხელე იყო შარშანდელი მარტის აქციაზე, შეეხო ვინმე? მაგრამ ვინც მხარს უჭერს ხელისუფლების ეროვნულ პოლიტიკას, ამ ეროვნულობის გამო მათ ბულინგს, შეურაცხყოფას და ნახირის ძახებას თავი დაანებეთ, თორემ თავმოყვარეობა სხვაზე მეტი აქვს ამ ხალხს, რომელიც ეროვნულ პოლიტიკას უჭერს მხარს, არავინ არავისზე ნაკლები არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.