სომხეთი არ აპირებს აზერბაიჯანთან ბრძოლას მთიანი ყარაბაღის გამო. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„სომხეთი არ აპირებს მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლას. ჩვენ არ გვაქვს ამბიციები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა და იმედი გვაქვს, რომ დემარკაციის პროცესში სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“, - განაცხადა ფაშინიანმა ბრიტანელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ვერ ხედავს სომხების მთიან ყარაბაღში დაბრუნების შესაძლებლობას. მან ასევე განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO) არ შეიძლება დაეყრდნოს.
„და ეს გამართლებულია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის რეაქციით და ზოგიერთი წევრი ქვეყნის განცხადებებით. ჩვენი საზოგადოება გვეკითხება: რატომ აგრძელებთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობას? გულწრფელად გითხრათ, ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.