„ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ დეზინფორმაციის უარყოფა მოუწიათ, სწორედ ამასაც ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ამ მედიასაშუალებების დამფინანსებლებსაც დაველაპარაკოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მასთან დაკავშირებით „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა.
„მას შემდეგ, რაც ვამხილეთ, პირადად მეც გამოვეხმაურე, მოუწიათ უარყოფა იმ დეზინფორმაციის, რომელიც გაავრცელეს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს გამჭვირვალობის საჭიროებას. სხვათა შორის, „ნეტგაზეთს“, „ბათუმელებს“ არ აქვს მითითებული, ვისგან ფინანსდებიან, ვინ იხდის ფულს. სწორედ მათ შორის ამას ემსახურება გამჭვირვალობის კანონი, რომ ვიცოდეთ, ვინ არის დამფინანსებელი ამ მედიასაშუალების, რათა შემდეგ მათაც დაველაპარაკოთ. როგორც წესი, როგორც გამოცდილება აჩვენებს, შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ასეთი დეზინფორმაციული მედიის უკან დგას აშშ-ის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი და ევროპის დემოკრატიის ფონდი – NED-ი და EED-ი.
ახლახან ვნახეთ, როდესაც ევროკავშირმა პრიზები გადასცა სხვადასხვა მედიასაშუალებას, პირდაპირ დეზინფორმაციული მასალისთვის გადასცეს პრიზი ადამიანს. ეს შემდეგ ახალისებს ასეთ ქმედებებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან“. მოგვიანებით, განცხადება გაავრცელეს გამოცემებმა „ნეტგაზეთმა“ და „ბათუმელებმა“, სადაც აღნიშნავენ, რომ შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში „შეცდომა დაუშვეს“.