აშშ უკრაინაში დამატებით სამხედრო მრჩევლებს გაგზავნის. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. იუწყება Politico
”ამ ომის განმავლობაში თავდაცვის დეპარტამენტმა გადახედა და შეცვალა ჩვენი ყოფნა ქვეყანაში უსაფრთხოების პირობების ცვალებადობის გათვალისწინებთ. ჩვენ ახლა განვიხილავთ რამდენიმე დამატებითი მრჩევლის გაგზავნას საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის გასაძლიერებლად,“ - განაცხადა რაიდერმა.
რაიდერის თქმით, მრჩევლები არ შეასრულებენ საბრძოლო მისიებს, ისინი უკრაინის მთავრობას და სამხედროებს რჩევებსა და მხარდაჭერას გაუწევენ.
"{საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი} ახორციელებს სხვადასხვა საკონსულტაციო და დამხმარე მისიებს {არასაბრძოლო} და მიუხედავად იმისა, რომ იგი შედგება ექსკლუზიურად თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალისგან, ის არის აშშ-ის საელჩოს ნაწილი და ექვემდებარება მისიის ხელმძღვანელს, ისევე როგორც სხვა საელჩოები", - დასძინა რაიდერმა.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე პენტაგონი არ ასახელებს პერსონალის კონკრეტულ რაოდენობას.
როგორც ოთხმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, დამატებითი კონტინგენტი დაკავებული იქნება ლოჯისტიკითა და ზედამხედველობით იმ იარაღზე, რომელსაც აშშ უკრაინაში აგზავნის.
გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში დამატებით 60-მდე ამერიკელი სამხედრო გაიგზავნება.
სამხედრო მრჩევლების ერთ-ერთი სამუშაო იქნება უკრაინელების დახმარება აშშ-ის მიერ მოწოდებული აღჭურვილობის გამოყენებაში, რადგან ზაფხულში მოსალოდნელია საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია.
ისინი ასევე დაუჭერენ მხარს კიევში აშშ-ის საელჩოს შედარებით მცირე კონტიგენტს და კოორდინაციას გაუწევენ ახალი იარაღის მიწოდებას.