საქართველო არის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები ექნებათ მათ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროკავშირის ელჩს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, „ეს კანონი თუ საბოლოოდ მიიღეს, რა შეიძლება ამას მოჰყვეს, საქართველოს ექნება თუ არა ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შანსი“.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება საქართველოში. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, მიღების შემთხვევაში, ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.