გადავიმტერეთ ამერიკელები, ევროპელები, შოლცს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ელჩებს არ დავუჯერეთ, რის იმედზე ვართ? ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად ხომ რუსობას ნიშნავს? - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რა დასახელებაც არ უნდა ჰქონდეს მას, შინაარსობრივად ამერიკის წინააღმდეგ მიმართული კანონია.
„სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი განცხადება საბოლოო ჯამში ხსნის, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს კანონი, რომელზეც ამდენი ბრძოლაა, ვიღაცას არ მოსწონს, რუსულს ეძახიან, ვიღაც მარტო რუსულს ეძახის და ა.შ. შინაარსობრივად ამერიკის წინააღმდეგ მიმართული კანონია. ყოველ შემთხვევაში, ამერიკელების რეაქციაც ასე გამოიყურება და ისიც კი ჩანს, რამ გამოიწვია, რადგან ამერიკელები, ფაქტობრივად, გვეუბნებიან, მიხედეთ სასამართლოსო. აქვთ თუ არა ამერიკელებს ლეგიტიმური უფლება, ჩაერიონ ჩვენს საქმეში და გვითხრან, შეცვალეთ სასამართლოო. მგონი, ჩვენ ამაზე უნდა ვიმსჯელოთ და ჩემი აზრით, სრული ლეგიტიმაცია აქვთ, რადგან ჩვენ იქეთ ვთხოვთ ამერიკელებს დახმარებას, ვთხოვთ დაცვას, ამერიკელებზე დგას ჩვენი უსაფრთხოება და ზოგადად, ამერიკა არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ მოგვწონს. არ ვიცი, თქვენ როგორ მოგწონთ, მაგრამ მე ძალიან მომწონს. მე მომწონს ამერიკის სასამართლო სისტემა და ჩვენ გვინდა, სასამართლოში იყოს როგორც ამერიკაშია – არჩევითი მოსამართლეები, მსაჯულები. მომწონს ამერიკის თავისუფალი ხალხი, რომელიც შეიარაღებული გადიან მიტინგზე და იცავენ თავის თავს, იცავენ თავის შტატს, იცავენ საკუთარ სახლს კრიმინალისგან. მე მიყვარს ამერიკის სიტყვის თავისუფლება. მიყვარს ამერიკის დეცენტრალიზაცია, როცა შტატებს აქვს ნამდვილი თავისუფლება, განსხვავებული წესრიგი მოაწყონ, განსხვავებული მეზობელი შტატებისგან და ცენტრალური მთავრობის სურვილებისგან. კი, ამერიკაშიც ბევრი ცუდი რაღაც ხდება. ისტორიაში არ ყოფილა, ისეთი სოციალისტური ადმინისტრაცია ჰყავთ ახლა და ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ამათზე უკეთესი ქვეყანა უბრალოდ ჯერჯერობით არ არსებობს. კარგი, გადავიმტერეთ ამერიკელები, გადავიმტერეთ ევროპელები, შოლცს არ დავუჯერეთ, სახელმწიფო დეპარტამენტს არ დავუჯერეთ, ელჩებს არ დავუჯერეთ, რა ალტერნატივა არის? რის იმედზე ვართ? ჩვენს რეალობაში ამერიკელებთან დაპირისპირება შინაარსობრივად ხომ რუსობას ნიშნავს? რამე ალტერნატივა არსებობს კიდევ, რომ ვიცოდე? ჩვენ გვაქვს იმხელა ძალა, რომ თავი დავიცვათ ამერიკელების და ევროპელების გარეშე? არ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: „ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას.