საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება.
„მთელი ამ დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა უამრავი დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. ერთი წელია, ჩვენ მომსწრენი ვართ დიდი აფერის, თითქოს ეს კანონი არის რუსული. რაც არ უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ – არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში. რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას. ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება, არავის აწყობდეს, საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან.
ვეთანხმები მიდგომას, რომ ევროპული ყაიდის კანონმდებლობა უნდა მივიღოთ, მაქსიმალურად შევუსაბამოთ ევროდირექტივას, რომელიც ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ არის ფრანგული კანონი, რომელიც უკვე მიღებულია ქვედა პალატის მიერ. ამ ეგრეთ წოდებულ ბანერზე რაც ამოგიწერიათ რუსული კანონიდან, არცერთი შეზღუდვა არ არის ჩვენს კანონპროექტში. რომელიმეს თუ ნახავთ, პირობას გაძლევთ, ამოვიღებთ. არათუ უმკაცრესი, არამედ არცერთი შეზღუდვა არ არის ქართულ კანონმდებლობაში. ტყუილია, რომ კანონპროექტი ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, ასევე კრძალავს აქტიურ საარჩევნო უფლებას, პედაგოგიურ საქმიანობას, ჩვენთან მსგავსი არ არსებობს; ასევე ტყუილია, რომ ზღუდავს უფლებებს ქონებათა ფინანსურ ტრანზაქციებზე, ჩვენს კანონპროექტში მსგავსი არ არსებობს, რეესტრში ქვეკონტრაქტორებიც კი შეჰყავსო, საჯაროობისას აწესებს გავლენის აგენტად მოხსენიების ვალდებულებასო, ჩვენთან მსგავსი არ არსებობს; აწესებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასო, არც ასეთი არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.