გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა დაგმო ირანის მასობრივი საჰაერო თავდასხმა ისრაელზე.
ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის რეჟიმმა ისრაელზე თავდასხმით „მთელი ახლო აღმოსავლეთი უფსკრულის პირას დააყენა“.
„ისრაელი იმსახურებს გერმანიის სრულ სოლიდარობას. კიდევ ერთი გაკვეთილი ამ თავდასხმისგან არის ის, რომ ისრაელი ძლიერია და შეუძლია თავის დაცვა,- დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ირანს მოუწოდა, თავი შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან - მათ შორის ირანის მოკავშირეების თავდასხმებისგან, როგორიცაა ჰეზბოლა ან ჰუსიტები.
ბერბოკმა მოუწოდა ყველა მხარეს გამოიჩინონ ზომიერება. „ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გზა ძალადობის დასასრულებლად“, - თქვა მან.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს რეგიონში არსებულ ვითარებას და მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს საერთაშორისო პარტნიორებთან.
გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დრონებისა და რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს. თავდასხმისას დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ამერიკის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, ისრაელს თავდასხმის მოგერიებაში ამერიკული ძალები დაეხმარნენ.