„მოლოტოვის კოქტეილის“ წახალისება პოლიტიკური დანაშაულია, თუ ეს სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, ამას ექნება შესაბამისი მკვეთრი რეაქცია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„არ მაქვს საფუძველი, სამართლებრივად ეჭვი შევიტანო მტკიცებულებებით სტანდარტში. ვენდობი პროკურატურის მიერ მტკიცებულებების წარდგენას და სასამართლოს მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, როგორ შეიძლება, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა წახალისდეს, ხალხო? ეს რა გზავნილია ჩვენი საზოგადოების წინაშე? საზოგადოებას თვალში ნაცარს ვაყრით და პირდაპირ ვეუბნებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“, შეგიძლიათ, ესროლოთ პოლიციელს, მეხანძრეს, ნებისმიერ პირს, რომელიც წესრიგს იცავს. ამის წახალისება თუ სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, ის იქნება ამ კამპანიის ავანგარდში და ის გადადგამს ამ ნაბიჯს. ამას ექნება ასევე შესაბამისი მკვეთრი რეაქცია. უნდა იცოდეს მანაც და სხვებმაც, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“ წახალისება პოლიტიკური დანაშაულია და ეს არის დაუშვებელი. პასუხი ყველამ უნდა აგოს კანონის სრული დაცვით. კანონის დამრღვევის დახსნა არის ძალიან მძიმე ქმედება, რომელზეც ყველა შესაბამისი პირი არის პასუხისმგებელი. ეს, შეიძლება, იყოს აღნიშნული თანამდებობის პირი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა დღეს მიუსაჯა.