თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონომპროქტთან დაკავშირებით აშშ-ის შესაძლო სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
„მათ სრული ინფორმაცია არ აქვთ და ეყრდნობიან რადიკალური ოპოზიციის და რადიკალური არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც პირველი შემთხვევა არ არის.
რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული უფლება ვის დაასანქცირებს და ვის არა, თუმცა ამისათვის უნდა ჰქონდეს რეალური დასაბუთება და რეალური არგუმენტები. რეალური არგუმენტები მათ ხელთ არ გააჩნიათ, ვერც ერთი საბუთით ვერ დაამტკიცებენ, რომ ეს კანონი რამენაირად ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. ასე ჰაერზე, რა თქმა უნდა, ყველაფრის თქმა შეუძლიათ. ჩვენ ვიხილეთ ზუსტად მსგავსი, მოსამართლეების დასანქცირება, როდესაც მათ არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ. თუ ვინმეს შეუზღუდავენ ამერიკაში წასვლას, არა მგონია, ეს მაინცდამაინც ტრაგედია იყოს რომელიმე მხარისთვის. მთავარი არის, რომ ჩვენ დავიცვათ დემოკრატიის პრინციპები და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. გამჭვირვალობა ევროპულია, დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია," - განაცხადა სეფაშვილმა.