აშშ-ის თვდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება ახლა დამოკიდებულია უკრაინის მხარდასაჭერის შესახებ ამერიკელების სიმტკიცეზე. მისი თქმით, რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები კიევს მიატოვებენ.
„ჩვენი უსაფრთხოება ამ მღელვარე დროში ამერიკელების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები მიატოვებს ჩვენს მეგობრებს და უკრაინას საფრთხეში დატოვებს. თუ კრემლი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს გაამხნევებს პოტენციურ აგრესორებს მთელს მსოფლიოში. შეერთებული შტატები გაცილებით ნაკლებად უსაფრთხო იქნება, თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში“, - თქვა მან სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე.
ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის უმოქმედობა თავისუფალ სამყაროს საფრთხის ქვეშ დააყენებს და შექმნის „წარმოუდგენელი ხარჯებისა და საფრთხის“ რისკს. როგორც მდივანმა განმარტა, ჩინეთი და სხვა ქვეყნები აკვირდებიან უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას, რუსეთის ქმედებებს და აშშ-ის რეაქციას.
ოსტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მიუხედავად რუსეთის ადამიანური და მატერიალური რესურსების უპირატესობისა, შეასრულეს შესანიშნავი სამუშაო - მათ შეძლეს ოკუპანტების მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში დაპყრობილი ტერიტორიების დაახლოებით 50%-ის დაბრუნება. ოსტინის თქმით, უკრაინა არ სთხოვს პარტნიორებს ბრძოლაში ჩართვას, არამედ ითხოვს მხოლოდ სახსრებს საკუთარი ძალისხმევის მხარდასაჭერად.
”უსაფრთხოების სფეროში დახმარების გარეშე, ისინი ვერ შეძლებენ შეავსონ უკიდურესად საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც მათ სჭირდებათ ხალხის დასაცავად,- თქვა ოსტინმა.